Loading data...
ვიქტორ ორბანი: ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი და ბრიუსელი ოპოზიციის მხარდაჭერით მისი მთავრობის ძირის გამოთხრის მცდელობაში დაადანაშაულა.

უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირი გააკრიტიკა.

„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ მათ, ვისაც თავისუფლება უყვარს, უნდა ეშინოდეთ არა აღმოსავლეთის, არამედ ბრიუსელის. პუტინის მიმართ შიშის დათესვა პრიმიტიული და არასერიოზულია, ხოლო ბრიუსელი პირდაპირი საფრთხის წყაროა. ეს მწარე სიმართლეა და ჩვენ ამას არ შევეგუებით“, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, ბუდაპეშტი.

ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მისი მთავარი მეტოქის - პარტია „პატივისცემა და თავისუფლების“ (TISZA) ლიდერის, პეტერ მადიარის მხარდაჭერაში.

უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, ამ ოპოზიციური პარტიის პოპულარობის ზრდის უკან დგანან ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი მანფრედ ვებერი, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„სრულიად აშკარაა, რომ უნგრეთში ნავთობბიზნესი, ბანკირები და ბრიუსელის ელიტა ემზადებიან მთავრობის ჩამოსაყალიბებლად“, - აღნიშნა ორბანმა.

მათ უნგრეთში სჭირდებათ ვინმე, ვინც ბრიუსელის მოთხოვნებს არასდროს ეტყვის „არას“.

„ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ჩვენი ნამდვილი მოწინააღმდეგეები არიან არა უნგრული ოპოზიციური პარტიები, არამედ მათი პატრონები ბრიუსელში“, - განაცხადა ორბანმა.