ვატო შაქარიშვილი პრემიერის ინიციატივაზე: დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებებია და ამ ვითარებაში, აუცილებელია ჯანსაღი დისკუსიის სივრცე არსებობდეს
პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა „ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვან ეპოქაში იმყოფება ზოგადად მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა. დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებებია და ამ ვითარებაში აუცილებელია საგარეო თუ შიდა პოლიტიკის საკითხებზე არსებობდეს სივრცე ჯანსაღი დისკუსიისა, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა კონკრეტული ხედვებისა და სტრატეგიების მიხედვით გააკეთოს მომავალ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.