ცოტნე ანანიძე: ეს არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა, მათ შორის თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმართ, რომელიც მოიცავს, პირველ რიგში, ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურს
„სწორედ აჭარამ იცის ყველაზე მეტად ფასი სტაბილურობის, სიმშვიდის, ეროვნულობის, ოჯახური ფასეულობების და აჭარის ტკივილიანი ისტორია, აჭარა არის სიმბოლო საქართველოს მარადიულობის“,- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ განაცხადა.
ცოტნე ანანიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის.
„მადლობა მინდა გადავუხადო კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა, მათ შორის თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმართ, რომელიც მოიცავს, პირველ რიგში, ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურს. ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს. მინდა, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს არჩევანისთვის.
მათი არჩევანი არ იყო სასარგებლო ჩვენი გუნდისთვის, ეს იყო სასარგებლო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის.
სწორედ აჭარამ იცის ყველაზე მეტად ფასი სტაბილურობის, სიმშვიდის, ეროვნულობის, ოჯახური ფასეულობების და აჭარის ტკივილიანი ისტორია, აჭარა არის სიმბოლო საქართველოს მარადიულობის. სწორედ ამ აღქმით, ასეთი საქმით ჩვენ გასულ წელს ნდობა გამოვუცხადეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, პატრიოტ კაცს. მისი პატრიოტიზმი მხოლოდ 2008 წლის ომის მობილიზაციის დროს არ გამოჩენილა, ეს ჩანს ყოველდღიურობაში. ეს პატრიოტიზმი, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, რომელიც უკვე ამ პოზიციიდან დრომ აჩვენა, გვაძლევს შესაძლებლობას, გუნდურად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ ჩვენს გონიერ, განათლებულ და კეთილგონიერ პრემიერ-მინისტრთან ერთად. დიდი მადლობა ჩვენს ხალხს, ჩვენს აჭარას.
როგორც ჩვენმა უწმინდესმა თქვა: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - ყოველთვის გვაერთიანებდა და გაგვაერთიანებს“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.