თორნიკე ფაღავა: ბატონი ღარიბაშვილი ამ დონემდე დავიდა, რომ მის საქციელს ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურა მიხეილ სააკაშვილი იწონებს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა მედიასთან აცხადებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეს ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„სამწუხარო გახლავთ ის, რომ ბატონი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი ლიდერი, დავიდა იმ დონემდე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურა მიხეილ სააკაშვილი უწონებს მას თავის საქციელს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აზიანებს „ქართულ ოცნებას“.
მე მგონი, ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს ბატონი ღარიბაშვილის მიერ გადადგმულ უკანასკნელ ნაბიჯებზე. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ, ერთი მხრივ, ამ ადამიანურ ტრაგედიაზე კაპიტალიზებს „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, მეორე მხრივ კი, ამ ადამიანურ ტრაგედიას ირაკლი ღარიბაშვილი იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და იმისთვის, რომ როგორმე თავი აარიდოს მართლმსაჯულებას“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.