Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი: ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, მიზანია მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა დეზინფორმაციას ეფუძნება და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს მოიცავს.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ასეთი დასკვნების მიზანია საინფორმაციო ხმაურის გამოწვევა.

„ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, რომელიც გაჯერებულია ურთიერთგამომრიცხავი, სხვადასხვა ტიპის „მიგნებებით“, პირდაპირ ეფუძნება დეზინფორმაციას და ფაქტების დამახინჯებას. თუ გავითვალისწინებთ და მხედველობაში მივიღებთ ვენეციის კომისიის სრულ სახელწოდებას, აქ ალბათ გარკვეული კორექტირების შეტანა იქნება საჭირო. აღნიშნული კომისია იწოდებოდა სახელწოდებით – „დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით“, ახლა უკვე თამამად შეგვიძლია მას ვუწოდოთ – „დემოკრატიისთვის დეზინფორმაციის მეშვეობით“. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ ყალბ ნარატივზე და აღქმებზე დაფუძნებით ისინი აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, შეიქმნას მორიგი საინფორმაციო ხმაური. საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ამ შემთხვევაში იყო მათი შეფასების საგანი, იმთავითვე ერთმნიშვნელოვნად ძალიან მკაცრად იყო გატარებული კონსტიტუციურობის ფილტრში. ამ თვალსაზრისით არ არსებობდა არავითარი არსებითი კითხვის ნიშანი“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.