Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი: როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ვერ შეიცვლის „ნაცი“ თავის ბოროტ ზნეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის შეურაცხმყოფელ პოსტს ეხმაურება და მას მორალურ ზღვარს მიღმა გაკეთებულ განცხადებას უწოდებს.

მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლები ადამიანური ტრაგედიებით პოლიტიკური ქულების დაწერას ყოველთვის ცდილობენ და საზოგადოებამ მათ ამ დეჰუმანიზაციის პოლიტიკის გამო საკუთარი ადგილი დიდი ხანია მიუჩინა.

„გვახსენდება ანდაზა: როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ვერ შეიცვლის „ნაცი“ თავის ბოროტ ზნეს და სწორედ აი ამ ჟანრიდან შეიძლება მივიჩნიოთ აღნიშნული განცხადებაც. ჩვენ წარსულშიც გვინახავს შესაბამისი ამორალური განცხადებები, რომელიც კონკრეტულ ადამიანურ ტრაგედიებს ხდიდა ერთგვარ საქილიკო საგნად და ცდილობდნენ ისინი ყოველთვის, რომ ამ ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური ქულები ჩაეწერათ.

ამ შემთხვევაშიც, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის განცხადება არის მორალურ ზღვარს მიღმა განზომილებიდან გაკეთებული, ვინაიდან ამით უმძიმესი ტკივილი მიაყენეს იმ ოჯახებს, იმ ბავშვებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი სინდრომი. ამიტომ საზოგადოების მხრიდან „ნაცმოძრაობას“, ამ აბსოლუტურად მომწამვლელ იდეოლოგიას, დამოკიდებულებას ადამიანებისადმი, რომელიც არის თავიდან ბოლომდე აგებული დეჰუმანიზაციის პოლიტიკაზე, დიდი ხანია საკუთარი ადგილი მიეჩინა“, - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

ცნობისთვის, მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, დარინა მიქელაძის პოსტს, რომლითაც მან აქონდროპლაზიის მქონე მცირეწლოვნებს დასცინა.