თორნიკე ჭეიშვილი: რა შეიძლება იყოს პოლიტიკოსისთვის იმაზე უფრო კარგი პლატფორმა წარმოაჩინოს თავისი სიმართლე, ვიდრე ეს არის საგამოძიებო კომისიის სხდომა - თუ რაიმე არგუმენტები არსებობს მათ ხელში, ნება იბოძონ და წარადგინონ

„რა შეიძლება იყოს პოლიტიკოსისთვის იმაზე უფრო კარგი პლატფორმა წარმოაჩინოს თავისი სიმართლე, ვიდრე ეს არის საგამოძიებო კომისიის სხდომა, რომელიც გადაიცემა პირდაპირ ეთერში და არავითარი რაიმე ტიპის მონტაჟი არ შეიძლება განხორციელდეს. შესაბამისად, თუ რაიმე არგუმენტები არსებობს მათ ხელში, ნება იბოძონ და წარადგინონ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
„ხაზარაძისთვის ამ წუთის მდგომარეობით, არ არის შეფარდებული და ვიდრე ის საბოლოო ჯამში, არ მიიღებს გადაწყვეტილებას დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვერც ვისაუბრებთ რაიმე ფორმით, მისთვის წინასწარი პატიმრობის შესაძლო შეფარდების საკითხზე. როდესაც ლაპარაკია, რომ ხომ არ არის ეს გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მოდით ასე ვთქვათ, მთავარი არის გამოწვევა არ შეექმნას ისევ და ისევ სამართლებრივ სახელმწიფოს და შესაბამისი პრინციპების რეალიზაციას ჩვენს ქვეყანაში. გამოწვევა არ უნდა იყოს არასდროს ის, რომ პოლიტიკურმა დინებებმა დათრგუნონ სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზაციის საკითხი.
ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, სადაც არის სამართლის უზენაესობა. პოლიტიკურადაც რომ შევაფასოთ მისი [ხაზარაძე] ჯერ წინა გადაწყვეტილება, როდესაც ის არ მიბრძანდა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და ახლაც მგონი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას - რა შეიძლება იყოს თუნდაც პოლიტიკოსისთვის იმაზე უფრო კარგი პლატფორმა წარმოაჩინოს თავისი სიმართლე, ვიდრე ეს არის საგამოძიებო სხდომა, რომელიც გადაიცემა პირდაპირ ეთერში და არავითარი რაიმე ტიპის მონტაჟი არ შეიძლება განხორციელდეს. შესაბამისად, თუ რაიმე არგუმენტები არსებობს მათ ხელში, ნება იბოძონ და - წარადგინონ. მათ ეშინიათ თვალებში ჩახედონ იმ ადამიანებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში იყვნენ რეპრესირებულები და დაჩაგრულები “, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
გაცნობებთ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა ხაზარაძე, კიდევ ერთხელ, დაიბარეს. კომისიის მიმართვა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში თავად გაასაჯაროვა და დაწერა, რომ კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.