თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაში ახალ დაპირისპირებაზე: ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება ამოტივტივდეს, რომელიც აქამდეც საეჭვო გარემოებებს უკავშირდებოდა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომელიც მოასწავებს ე.წ. შავი ფულის გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთბრალდებების ფონზე შესაძლოა ე.წ. შავი ფულისა და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებული ფინანსური რესურსების შესახებ დამატებითი დეტალები გახდეს ცნობილი.
მისი თქმით, ბრალდებები მიუთითებს, რომ არსებობდა ფინანსური არხები, რომლითაც თანხები ქართულ პოლიტიკაში გარედან შემოდიოდა და შემდეგ, მისი შეფასებით, ძალადობრივ საპროტესტო აქციებში გამოიყენებოდა.
„ურთიერთპაექრობაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება ამოტივტივდეს, რომელიც აქამდეც საეჭვო გარემოებებს უკავშირდებოდა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომელიც მოასწავებს ე.წ. შავი ფულის დატრიალებას, გამოყენებას საარჩევნო მიზნებისათვის და ის ბრალდებები, რომელიც ახლა გვესმის, ფაქტობრივად ადასტურებს იმას, რომ მართლაც იყო კონკრეტული ფინანსური არხები მათ მიერ გაჭრილი და გაკვალული, რომლითაც ხდებოდა გარედან ქართულ პოლიტიკაში ფულის შემოდინება და ის, თუ რაში გამოიყენებოდა შემდგომ ეს თანხები, ასევე, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა, იმ ძალადობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში“, - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.