თორნიკე ჭეიშვილი: ჯერჯერობით, რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება, რომ ბრიუსელი აპირებს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, შეიძლება, გვქონდეს იმის განცდა და მოლოდინი, რომ მომავალშიც კვლავ გაგრძელდება არასერიოზული, აბსურდული ნარატივის ტირაჟირება მათი მხრიდან
„ჯერჯერობით, რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება იმასთან მიმართებით, რომ ბრიუსელი აპირებს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
მან მიმოიხილა ბრიუსელის მიდგომების ცვლილების პერსპექტივა გერმანიაში ჩატარებული არჩევნებისა და ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით.
„თუ ავიღებთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარებული კონკრეტული ფედერალური მიწის არჩევნების შედეგებს, ასევე ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებს, როგორც ჩანს, ეს შედეგები არავითარი იმპულსი არ არის ევრობიუროკრატიისთვის, ბრიუსელისთვის, რომ მათ სერიოზულად გადახედონ საკუთარ ნარატივს, მიდგომას, გაფართოებასთან მიმართებით საკუთარ პოლიტიკას, როგორც წევრ სახელმწიფოებთან, ასევე კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით. პირიქით, ფაქტობრივად, ყოველი ასეთი განცხადებით ცეცხლზე ნავთის დასხმა ხდება.
თუნდაც, მიმდინარე კვირაში ეს არ არის პირველი ყურადსაღები განცხადება, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან მოვისმინეთ. სულ რამდენიმე დღის წინ, ამავე კვირის დასაწყისში მოვისმინეთ გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლის აბსურდული შეფასებები, მორიგი ყალბ ნარატივზე დაფუძნებული განცხადება საქართველოს კონტექსტში, ისევ მათი გაცვეთილი და გახუნებული თემები და გზავნილები დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, თითქოსდა პოლიტიკური ნიშნით პირთა დაკავების შესახებ, ახსენებენ კანონმდებლობასაც. ამ ყველაფერს ისინი დღის წესრიგში ისევ აბრუნებენ, რაც თავისთავად არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის პერიოდი, როცა მწვავე განცხადებები არ ისმოდა, ბრიუსელმა ვერ გამოიყენა.
„რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი ხისტი, მწვავე და აბსურდული განცხადებები მათი მხრიდან არ მოგვისმენია, ვერც ვერაფერში გამოიყენეს, ეს არ იყოს მათთვის სასარგებლო. ევრობიუროკრატებს საშემოდგომო გამოჰყვათ გეოგრაფიაში, რადგან ვიცით ყველამ, საქართველოსთან მიმართებით როგორი არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდათ, როცა, მათ შორის, საუბრობდნენ დაკავშირებაზე და საქართველოს გვერდის ავლა ხდებოდა. ეს ზაფხულის პერიოდიც მათ აშკარად ვერ გამოიყენეს იმისთვის, რომ შემოდგომაზე მაინც გეოგრაფიაში ეს საშემოდგომო გამოცდა გადაებარებინათ, როგორც ჩანს, ისინი კვლავ ამ გამოწვევის წინაშე არიან.
ჯერჯერობით, რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება იმასთან მიმართებით, რომ ბრიუსელი აპირებს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით. შეიძლება, გვქონდეს იმის განცდა და მოლოდინი, რომ მომავალშიც კვლავ გაგრძელდება ასეთი არასერიოზული, აბსურდული ნარატივის ტირაჟირება მათი მხრიდან“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.