თენგიზ შარმანაშვილი - უკრაინაში დარწმუნდნენ, რომ ძალადობრივი გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, მათ მიერ მხარდაჭერილ ადამიანებს ამის რესურსი არ გააჩნიათ
„უკრაინაში ძალიან კარგად იციან, რა ნაბიჯები აქვთ გადმოსადგმელი, იმედი გამოვთქვათ, რომ უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობაში პრაგმატულ გზას დაადგა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ საქართველოსთან მიმართებით მრავალი შეცდომა დაუშვა.
„სანქციები, ზოგიერთი თანამდებობის პირის დანიშვნა, რომელიც საქართველოში ძებნილია, ზოგს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ეძებენ, გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია და ბევრი სხვა საკითხიცაა. ისინი თუ ამ პრაგმატულ ნაბიჯებს გადმოდგამენ, ჩვენგან, რა თქმა უნდა, საპასუხო ნაბიჯები არ დაიგვიანებს. ჩვენ მივესალმებით ურთიერთობებს, თუ ისინი რეალობასა და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
კითხვაზე, რატომ შერბილდა უკრაინის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, თენგიზ შარმანაშვილი პასუხობს, რომ „დარწმუნდნენ, რომ ძალადობრივი გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, რომ ამის რესურსი მათ მიერ მხარდაჭერილ აქაურ ადამიანებს არ გააჩნიათ. მგონია, ეს რეალობა გაითავისეს“.