თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე: 1 200 000-მა კაცმა გვითხრა, წადით და გააკეთეთო და ვაკეთებთ
მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.
88 კანონმდებლის სარჩელს შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი, სასამართლოს 9 თვე აქვს.
უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა და პარტია „საქართველოსთვის“ კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც ახლა ასრულებენ.
„წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი ჩვენი სლოგანი იყო, რომ აუცილებლად გამოვიყენებდით კონსტიტუციურ პროცედურას და შევეცდებოდით დაგვემტკიცებინა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ეს ორგანიზაციები არის არაკონსტიტუციური.
1 200 000-მა კაცმა გვითხრა, წადით და გააკეთეთო და ვაკეთებთ. მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე, ამ შემთხვევაში ჩვენს მხარეს არის. ჩვენ უნდა ვამტკიცოთ მათი არაკონსტიტუციურობა.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიტინგის ჩასატარებლად და პოლიტიკური დეკლარირებისთვის არ მივდივართ. იქ მივდივართ სამართლებრივი არგუმენტებით. ოპონენტებსაც ვურჩევ სამართლებრივი არგუმენტებით დაგვხვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მარტივად წააგებენ“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.