თენგიზ შარმანაშვილი: მოხარული ვარ, რომ რეალობის არ დანახვის სიტუაციიდან გამოდის ევრო ბიუროკრატია
„მოხარული ვარ, რომ ამ რეალობის არ დანახვის სიტუაციიდან გამოდის ევრო ბიუროკრატია“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, კაია კალასი იყო ინიციატორი შეკრებისა შავ ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ტრანზიტის საკითხებზე და საქართველო არ მიიწვია.
„გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს გვიწყობს, რეალობაც ისეთია, რომ ლიდერები ვართ, მაინც არ გვიწვევდნენ ასეთი სახის შეკრებებზე. ეს თუ იქნება პირველი ნაბიჯი რეალობისკენ დაბრუნებისა, მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. სიმართლის იგნორირება, ყოვლად წარმოუდგენელი და ძალიან ცუდია ევროპისთვისაც, რადგან ამ გზით პირველ რიგში ევროპამ უნდა ისარგებლოს. ეს გზა აფრიკაში არ მიდის, ეს გზა მიდის აზიიდან ევროპის მიმართულებით“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ევროკომისიის 2026 წლის მეტა-კვლევის დოკუმენტი, საქართველოს „შუა დერეფნის“ უალტერნატივო ღერძად განიხილავს, რომელიც ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.
საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ევროპული ქსელის პირდაპირ გაგრძელებად არის მოაზრებული.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დასახელებულია სტრატეგიულ პრიორიტეტად. დოკუმენტში წერია, რომ საქართველო რეგიონულ ციფრულ ჰაბად ყალიბდება, რომელიც მონაცემთა უსაფრთხო და სწრაფ მიმოცვლას უზრუნველყოფს.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი კი ფლაგმანური პროექტია, რომელიც პირდაპირ აკავშირებს საქართველოს რუმინეთთან. შავი ზღვის კაბელი განიხილება, როგორც ელექტროენერგიის გადაცემის მთავარი გზა.