Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ბურთი მათ მოედანზეა, ძალიან პოზიტიურია ის სიგნალები, რაც ჩვენ მივიღეთ, ოპტიმიზმი არსებობს იმისა, რომ აშშ მოიცლის საქართველოსთვის და ეს ურთიერთობები შეიძლება, გადაიხედოს და აღდგეს

საქართველო საპრეზიდენტო რბოლაში ღიად გულშემატკივრობდა დონალდ ტრამპს, რადგან სრული თანხვედრაა ღირებულებით ნაწილში, რელიგიასა და ოჯახურ ღირებულებებში, სრული თანხვედრაა პოლიტიკურ ნაწილში, უკრაინის ომთან მიმართებით, ევროკავშირთან მიმართებით, „ენჯეოებთან“ და გარე დაფინანსებასთან მიმართებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, რასაც „ქართული ოცნება“ 4 წლის განმავლობაში საუბრობდა, ერთი ერთში იმას საუბრობს აშშ-ის ადმინისტრაცია.

„მათ იციან, რომ სრული მზადყოფნა და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები აღდგეს. ამას მოწმობს ღია და დახურული წერილები, პრემიერ-მინისტრის დონეზე გაკეთებული განცხადებით დაწყებული რიგითი პარლამენტარებით დასრულებული. ყველა ჯერზე, როგორც კი შესაძლებლობა გვეძლევა, ვამბობთ, რომ ნებისმიერ დროს, კონკრეტული გზამკვლევი დროსა და სივრცეში გავწეროთ, სადაც გამოჩნდება, რა ნაბიჯები არის გადასადგმელი, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს.

ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, ბურთი მათ მოედანზეა, ძალიან პოზიტიურია ის სიგნალები, რაც ჩვენ მივიღეთ, ოპტიმიზმი არსებობს იმისა, რომ აშშ მოიცლის საქართველოსთვის და ეს ურთიერთობები შეიძლება, გადაიხედოს და აღდგეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.