თენგიზ შარმანაშვილი: ევროკავშირის კვლევებითაც კი მოლდოვას ყველა პარამეტრით ვუსწრებთ, გამოაქვეყნებენ დადებით შედეგებს, შემდეგ დასკვნაში წერენ საპირისპიროს, რაც ორმაგი სტანდარტია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით დადებით შეფასებას ასახავს თავად ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევები, თუმცა საპირისპიროა მოცემული ევროკავშირის ანგარიშებში.
შარმანაშვილის თქმით, ეს საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტსა და უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
„ეს კვლევები არცერთი არ არის საქართველოში ჩატარებული, ეს არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, მათ შორის ნაწილი ჩატარებულია თვითონ ევროკავშირის მიერ, ევროკავშირს ეს ოფიციალურად თავის საიტებზეც კი აქვს გამოქვეყნებული. ორმაგი სტანდარტი არის, რომ გამოაქვეყნებენ დადებით შედეგებს და შემდეგ დასკვნაში წერენ აბსოლუტურად საპირისპირო რამეს. უსამართლო დამოკიდებულებაა საქართველოსთან დაკავშირებით. შენ თვითონვე ატარებ კვლევას, შენ თვითონვე დადებითად აფასებ და შემდეგ დასკვნაში წერ, რომ ჩამორჩენილი ხარ, რომელიღაც სხვა ქვეყანა გისწრებს. ეს იმდენად ალოგიკური და უსამართლოა, რომ არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების, დარწმუნებული ვარ, ხალხის გულისწყრომასაც იწვევს. მათივე კვლევებით მოლდოვას ყველა პარამეტრით ვუსწრებთ, დემოკრატიის ელემენტებითაც, კარგი მთავრობის ელემენტებითაც, ღიაობითაც, გამჭვირვალობითაც, ეკონომიკური ზრდითაც, არ არსებობს პარამეტრი, რომლითაც არ ვუსწრებდეთ მოლდოვას. შემდეგ გამოდის ევრობიუროკრატი და ამბობს, თქვენ მოლდოვას ჩამორჩებითო. ეს იმდენად უსამართლო და არაადეკვატური დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, რომ ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ არაფერს ვითხოვთ, არც შეღავათებს ვითხოვთ, უბრალოდ ვითხოვთ სამართლიან დამოკიდებულებას“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.