თენგიზ შარმანაშვილი: ერთნაირსქესიანთა ქორწინება აკრძალულია, მის რეგისტრაციას სახელმწიფო არ მოახდენს
„აი, რის გაუქმებას გვთხოვენ: კონსტიტუციით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ჩვენთან აკრძალულია იმ გაგებით, რომ მის რეგისტრაციას სახელმწიფო არ მოახდენს და მიმსგავსებული ურთიერთობაც აკრძალულია ამ კანონით - რა ვქნათ, ქართველო ხალხო, დავუჯეროთ და დავუშვათ ასეთი ურთიერთობის რეგისტრაცია? საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრძალულია ერთნაირსქესიანთა ურთიერთობისა და ინცესტის პროპაგანდა. დავუშვათ ასეთი მანიფესტაციები და შეკრებები, სადაც ინცესტი იქნება პოპულარიზებული? გადავცეთ 2 და 3 წლის ბავშვები ასეთ ოჯახებს? სადაც მათი მშობლები თვითონ ვერ გარკვეულან, რომელი სქესის წარმომადგენლები არიან?“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს.
„ამავე ანგარიშში თქვენ აღმოაჩენთ სრულიად გამაოგნებელ ჩანაწერს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა მიმართონ მომწამლავი ნივთიერების გამოყენების შესწავლის თაობაზე. 2-3 თვეა, ამას ამბობს პრემიერ-მინისტრი, რომ მზად არის ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწოდოს ნებისმიერი, მათ შორის გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაცია.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, არავინ არ დაინტერესებულა და ახლა, თურმე, თვითონ ითხოვენ, რომ ეს ვინმემ გააკეთოს. ასე რომ, ეს მუქარები თავისთვის შეინახონ. მოახდენენ რეალიზაციას? ეს იქნება მათ წინააღმდეგ გამოყენებული მახვილი ისევ ჩვენ მიერ, რადგან ეს მახვილი არის სიმართლე“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.