Loading data...
თამაზ მოლაშვილი სულხან მოლაშვილზე: 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო, შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მოედო დაავადება, მერე დაუწყეს მკურნალობა

„უნამუსობას და უსინდისობას საზღვარი არ აქვს, სპეციალურად დაბადებული უნდა იყო ეგეთად. 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო და შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მოედო დაავადება, მერე დაუწყეს მკურნალობა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მისი შვილის პატიმრობა გაიხსენა.

მისივე თქმით, როდესაც სულხან მოლაშვილი მათიას იორშმა მოინახულა საპატიმროში, მოლაშვილი ჩაიკეცა, რადგან მის საკანში არც ჰაერი იყო, არც მზე, არც წყალი და ფეხზე მდგომი ატარებდა მთელ დროს.

„სააკაშვილი რომ იძახის, დადგმულიაო - ჩემი ბიძაშვილი იყო თუ მამიდაშვილი მათიას იორში, რომ ჩამოვიდა და თქვა, სულხან მოლაშვილი მაჩვენეთო. წაჰყვნენ ჩვენი მთავრობიდან ქალბატონები და რომ გაუღეს კარი, სულხან მოლაშვილი ჩაიკეცა, რადგან ჰაერი არ შედიოდა იმასთან, მზე არ შედიოდა, წყალი არ იყო და დასაჯდომი ადგილიც არ ჰქონდა. აწვალებდნენ. საწოლი რაც იყო, აკეცილი და დამაგრებული ჰქონდათ, რომ ფეხზე მდგარიყო და ასე ტანჯავდნენ.

დედა აღარ მყავს, მამა, ძმა, მეუღლე, ეს ხომ ყველაფერი სატკივარია, მაგრამ შვილის სატკივარი სხვანაირი რამ არის. ძალიან ხშირად ღამე წამოვხტები ხოლმე, ჩემს წინ სურათებია ოთახში და რომ შევხედავ, ბღავილი ამიტყდება, შვილი აღარ მყავს-მეთქი“, – აღნიშნა თამაზ მოლაშვილმა.