სუბარი „ნაცმოძრაობის“ ციხეებზე: წამებისგან ტკივილები ისეთი გაუსაძლისი იყო, დაიწყეს განუზომელი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა და აბსოლუტურად არ ნაღვლობდნენ, თუ რა დაემართებოდა ადამიანის ჯანმრთელობას

„წამებისგან ტკივილები ისეთი გაუსაძლისი იყო, რომ სიტუაციის დაჭერა ციხეებში იყო ძალიან ძნელი. დაიწყეს განუზომელი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა და აბსოლუტურად არ ნაღვლობდნენ იმაზე, თუ რა დაემართებოდა ადამიანის ჯანმრთელობას“, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა სოზარ სუბარმა ხონის ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე საუბრისას განაცხადა.
სოზარ სუბარმა, ასევე, ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის დასკვნაზე, სადაც მრავალჯერ იყო ნახსენები აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული არაადამიანური პირობები და მისი დახურვის რეკომენდაცია.
„რა თქმა უნდა, მაშინ ეს რეკომენდაცია არ შესრულდა და ზუსტად 2012 წელს არჩევნების წინ, რამდენიმე თვით ადრე დახურეს ხონის ციხე. შემდეგ ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიცოდით, რაც იყო და იმიტომ დავხურეთო. სინამდვილეში ეს მოხდა არჩევნებამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე. მანამდე, მთელი ამ წლების განმავლობაში ეს დაწესებულება ფუნქციონირებდა, როგორც ერთ-ერთი საწამებელი ადგილი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ისაუბრა მაშინდელ ციხეებში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე.
„უშუალოდ სიკვდილის წინ, როდესაც ლეტალური გამოსავალი იყო გარდაუვალი, პატიმრები გადაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოში, რომ ფორმალურად მომხდარიყო მათი გათავისუფლება, რადგან გარდაცვალების ფაქტი სტატისტიკაში არ ყოფილიყო ასახული“, - დასძინა სუბარმა.