სოზარ სუბარი: ბატონი ფიშერის საქმიანობა საქართველოში იყო ძალიან არამეგობრული და არადიპლომატიური წლების განმავლობაში, მაგრამ ცოტა შორსაც წავიდა ეს ადამიანი, იქ გაჩნდა კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით

ბატონი ფიშერის საქმიანობა საქართველოში იყო ძალიან არამეგობრული და არადიპლომატიური წლების განმავლობაში, მაგრამ ცოტა შორსაც წავიდა ეს ადამიანი, იქ გაჩნდა კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გერმანიის ელჩის გაწვევაზე საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც ელჩი ქირაობს სახლს ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან, ხაზარაძისგან, ხელშეკრულება არ აქვს დადებული, ცხოვრობს მრავალი წლის განმავლობაში და ფულის გადახდა არ დასტურდება, ეს უნდა გამოიძიოს გერმანულმა სახელმწიფომ.
„მისი განცხადებები მანიფესტაციის მონაწილეების მხარდაჭერაზე, არის არა უბრალოდ ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ მხარდაჭერა კრიმინალური ოპოზიციის, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. სწორედ ეს კითხვები დასვა „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ და ამას დაემთხვა მისი გაწვევა.
მას აქვს დაკვეთა იმ ძალებისგან, რომელსაც ჩვენ „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ. ეს არიან ძალები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ მსოფლიოს მართვაზე და რომლებიც მართავენ ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს. სწორედ მათი პოლიტიკის განმახორციელებელი იყო ფიშერი. თუ ზოგიერთი ელჩი გარკვეულ დიპლომატიურობის ჩარჩოში ახერხებს დარჩენას, ის ამას აკეთებდა უტიფრად, არამეგობრულად და არადიპლომატიურად“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.