Loading data...
სოზარ სუბარი: 2012 წელს სრული სკრინინგი ჩავატარეთ და ყოველ მეორე პატიმარს C ჰეპატიტი ჰქონდა - ეს იყო ადამიანების სიკვდილისთვის გამეტება, სწორედ აქედან დაიწყო C ჰეპატიტის ის პროგრამა, რომლითაც ასე ვამაყობთ

ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, საპატიმროებში არსებულ მძიმე ვითარებას იხსენებს და მას ახლანდელ ვითარებას ადარებს.

სოზარ სუბარის თქმით, 2012 წელს ჩატარებული სკრინინგის შედეგად დაახლოებით 49.5%, ანუ ყოველ მეორე პატიმარი C ჰეპატიტით იყო დაავადებული.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ სწორედ პენიტენციური სისტემიდან ჩაეყარა საფუძველი C ჰეპატიტის აღმოფხვრის საყოველთაო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საპატიმროებში 5 000-ზე მეტი ადამიანი სრულად განიკურნა.

ამასთან, სუბარმა ტუბერკულოზთან ბრძოლის დინამიკაზეც ისაუბრა.

„როდესაც მე გავხდი მინისტრი, 2012 წელს, სრული სკრინინგი ჩავატარეთ და დაახლოებით 49.5%-ს, ანუ ყოველ მეორე პატიმარს ჰქონდა C ჰეპატიტი. ეს იყო ადამიანების ჩვეულებრივი გამეტება სიკვდილისთვის. სწორედ აქედან დაიწყო C ჰეპატიტის ის პროგრამა, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ. მაშინ ბატონი ბიძინა პრემიერ-მინისტრი იყო და როდესაც ვუთხარით, რომ ამას ვაკეთებთ, მან მოგვცა დავალება, რომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ეს გაგვევრცელებინა მთელ ქვეყანაზე და დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაცია ხდება. იგივე შემიძლია ვთქვა ტუბერკულოზთან დაკავშირებით. ტუბერკულოზის შემთხვევები იყო დაახლოებით წელიწადში 500-დან 1000-მდე ახალი შემთხვევების გამოვლენა და იყო წლები, როდესაც 1000-დან 2000-მდე ადამიანი იყო გამოვლენილი ტუბერკულოზით. იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან მძიმე ტუბის ფორმით ადამიანს სვამდნენ საკანში, სადაც დაახლოებით 60-70 და ზოგჯერ 100-ზე მეტი ადამიანიც კი იყო, 20-ადგილიან კამერაში 100 ადამიანი წარმოიდგინეთ, უჰაერობაში და აქ გადამდები ტუბერკულოზის მქონე პაციენტი, უბრალოდ განწირული იყო ყველა პატიმარი, რომ გადასდებოდა. დღევანდელობას რომ შევადაროთ, ამ წუთში, 12 ადამიანი მკურნალობს ციხეებში, აქედან 5 არის ახალი გამოვლენილი, ეს არის ის 5 ადამიანი, რომლებსაც დაკავების შემდეგ აღმოაჩნდათ ტუბი. ანუ, დაკავებისთანავე ხდება მათი სკრინინგი. ც ჰეპატიტზე აღარ ვლაპარაკობ, მგონი 5-6 ათასს გადასცდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც განიკურნენ ციხეში და ეს პროგრამა, ბუნებრივია, გრძელდება. ეს არის განსხვავება“, - ამბობს სოზარ სუბარი.