Loading data...
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი კომისიის მიზანი იქნება, შევისწავლოთ ფასნამატის ჯაჭვი. ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, საცალო ქსელის ოპერატორებთან. მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ კომერციული ურთიერთობები

„ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება დასკვნა და რეკომენდაციები, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა საწვავის, მედიკამენტებისა და სურსათის ფასების შემცირების მიზნით სამუშაო პროცესზე საუბრისას.

საწვავის, მედიკამენტებისა და სურსათის ფასების რეგულირების პროცესში საპარლამენტო კომისია მომდევნო კვირიდან ჩაერთვება.

„ფასნამატი საკვებ პროდუქტებზე, საშუალოდ, შეადგენს 86%-ს. აღნიშნული მაჩვენებელი უაღრესად მაღალია. ჩვენი კომისიის მიზანი იქნება, შევისწავლოთ ფასნამატის ჯაჭვი.

ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან. საცალო ქსელის ოპერატორებთან. მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ კომერციული ურთიერთობები: რა პირობები არსებობს, ვის გააჩნია უპირატესობა.

აღნიშნულის მიზანი არის ის, რომ ბიზნესს დავეხმაროთ. მათი საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია მოხდეს. სხვაობა ნიშნავს, რომ რაღაც სტრუქტურული პრობლემაა ფასწარმოქმნაში.

ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება დასკვნა და რეკომენდაციები, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ქვეყანაში ფასების შემცირების რესურსი არსებობს - ასეთია მთავრობის საკოორდინაციო კომისიის მუშაობის შედეგი. სავარაუდოდ, ფასების შემცირების მიზნით სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.