Loading data...
შარმანაშვილი გიორგი უძილაურზე: სუს-მა თქვა, რომ მტკიცებულებების სრული პაკეტი აქვთ, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, ამ ადამიანს გამოუჩნდნენ დამცველები

„სუს-მა თქვა, რომ მტკიცებულებების სრული პაკეტი აქვთ, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, ამ ადამიანს გამოუჩნდნენ დამცველები“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი უძილაურზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გარედან მიიღეს დავალება, რომ უძილაურის გამართლება დაიწყონ.

„ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლის საჯაროდ გამოტანა არ ხდება ზოგჯერ საჯაროდ, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, უკვე ხმამაღლა განაცხადა ამის თაობაზე.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც სუს-მა თქვა, რომ აქვთ უამრავი მასალა, აქვთ ჩანაწერები, ანუ მიანიშნა, რომ მტკიცებულებების სრული პაკეტი აქვთ, გამოუჩნდნენ დამცველები ამ ადამიანს, ეჭვი კი არ შეაქვთ მაგალითად, რომ მომავალში ვნახოთ სასამართლოზე როგორ გაირკვევა ეს საკითხი, უკვე თითქოს ეს არის რაღაც ყალბი ნარატივი და ა.შ.

ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ მიიღეს დავალება, რომ ამ ჯაშუშის, ეჭვმიტანილის გამართლება ამ ეტაპზევე დაიწყონ“, - აღნიშნავს შარმანაშვილი.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 მაისს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა. უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით. გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს. გამოძიება 314-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.