Loading data...
შალვა პაპუაშვილი: წითელმა არმიამ რაც გააკეთა ხიშტით, ახლა კაია კალასი ცდილობს, იგივე სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს

1921 წელს, როდესაც წითელი არმია შემოვიდა საქართველოში, ისინიც ქართველი ხალხის დასახმარებლად და ქართველი ხალხის სახელით შემოვიდნენ, ამბობდნენ, რომ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხს არ ემსახურებოდა და ქართველი ხალხი იყო დასახმარებელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაზე, რომ ის მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლებას.

მისი თქმით, კაია კალასმა რაც თქვა, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის სიტყვით გაუქმება.

„ასე შემოვიდა ხიშტით წითელი არმია საქართველოში და გაგვიუქმა ჩვენ სუვერენიტეტი, ვინაიდან თქვა, რომ არა ხალხის ნებაა მნიშვნელოვანი, არამედ მე ვისაც მინდა, იმას დავარქმევ ხალხს, ამას ავიღებ საბაბად, შემოვალ და შენს სუვერენიტეტს გავაუქმებ ხიშტით.

ჩვენს სუვერენიტეტს ხიშტით გააუქმებენ, თუ სიტყვით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოებრიობისთვის. ის, რაც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა საგარეო წარმომადგენელმა თქვა, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის სიტყვით გაუქმება. ის, რაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა კაია კალასი ცდილობს, სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს. მან შეარჩიოს, აირჩიოს, რა არის ქართველი ხალხი მისთვის და ქართველი ხალხი არის მის მიერ დაფინანსებული აგენტურა და მისი წარმოსახვითი ქართველი ხალხის სახელით გაგვიუქმოს სახელმწიფო.

ეს არის პირდაპირ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება, როდესაც ქართველ ხალხს ართმევენ უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. რას ნიშნავს სიტყვათა წყობა, რომ „ხალხს ვუჭერ მხარს და ხელისუფლებას არა“? ეს ხელისუფლება ვისია? ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლებაა, ეს არის დემოკრატია. ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, ან ვერ ერკვევა, რა არის დემოკრატია, ან არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმების პოლიტიკის მატარებელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კაია კალასისგან რეალობას მოწყვეტილი აზრები ისმის.

„სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ევროპას აქვს. ზუსტად ეს არის, რასაც თეთრ სახლში ეძახიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის „ესტონიზაციას“, როდესაც ევროპული დიპლომატია ჩანაცვლებულია თავქარიანი აქტივიზმით, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა მთელი კონტინენტი.

მათ შორის არ იქნებოდა უკრაინის ომი, ევროპას სათანადო პოლიტიკური სიმწიფე რომ გამოეჩინა. ეს ომი თავიდან იქნებოდა აცილებული, მაგრამ მათი თავქარიანი აქტივიზმიდან გამომდინარე, მათ შორის ზოგადად დასავლეთის თავქარიანი აქტივიზმიდან გამომდინარე გახდა ეს ომი შესაძლებელი. არ იქნებოდა ეს ომი, რომ ყოფილიყო პასუხისმგებლობიანი, ძლიერი, მკაფიო პოლიტიკა ევროპის და დასავლეთის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.