Loading data...
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტს მხარი 79-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უარყოფს უკრაინის ტერიტორიების სტატუსის შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.

მასში სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის, ადგილობრივ მცხოვრებთა იძულებითი მობილიზაციის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო, განსაკუთრებით ყირიმში.

რეზოლუცია ეფუძნება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის დასკვნებს, რომლებიც ადასტურებს იძულებითი გაუჩინარებისა და წამების შემთხვევებს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, თავად რუსეთში. გაერო, ასევე, მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

დოკუმენტს მხარი 79-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 16-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 73-მა თავი შეიკავა.