Loading data...
შალვა პაპუაშვილი სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟზე: ეს ფანტაზიორობა ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობის გარეშემო არის სწორედ ამ შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი და ამ შემთხვევაში სტუდია „მონიტორიც“ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს

„ეს ფანტაზიორობა ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობის გარეშემო არის სწორედ ამ შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი და ამ შემთხვევაში სტუდია „მონიტორიც“ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს“, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს არის მცდელობები, რომ ქველმოქმედება ბოროტებად და აღმშენებლობა ნგრევად წარმოაჩინონ.

„როდესაც აბსურდული საკითხის მტკიცებას იწყებს ადამიანი, რა თქმა უნდა, იქ ყოველთვის დამარცხდება, როგორც დამარცხდა ყველა საკითხში, რომლითაც ცდილობდნენ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„იმედის კვირა“ სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟში მოთხრობილი ამბით დაინტერესდა და მაყურებელს მიაწოდა რეალური ინფორმაცია რეკრეაციულ ზონაზე, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ იყიდა ესტონელი ბიზნესმენისგან.

„მონიტორის“ რეპორტაჟს თავად ბიზნესმენი ვრცელი წერილით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მონიტორის“ მიერ მისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: „იყო თუ არა ეს ნაკვეთი ივანიშვილების ოჯახის თხოვნით ან დავალებით შეძენილი?“ კითხვებზე ბიზნესმენმა „მონიტორს“ წერილობით უპასუხა და განმარტა, რომ „ნაკვეთის შეძენა არ განხორციელებულა ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების თხოვნით და მათ აღნიშნულ გარიგებასთან კავშირი არ აქვთ“.

როგორც ვანო ჩხარტიშვილი სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „სამწუხაროდ, სიუჟეტის ავტორმა, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად დამალა მათი კითხვების პასუხად ჩემ მიერ გაგზავნილი წერილის მთავარი სათქმელი, სადაც დეტალურად განვმარტავდი, როგორც იმას, თუ რა მიზნით შევიძინე აღნიშნული ნაკვეთი, ასევე იმასაც, თუ როგორ განისაზღვრა ამ კონკრეტული მიწის ფასი. თუმცა, ჟურნალისტმა ჩემ, ანუ რეალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად არ გაასაჯაროვა და მთელი სიუჟეტი კონსპირაციებზე ააგო“.