შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: წინა რეჟიმის მიერ წაგებისთვის განწირულ სასამართლოებს იგებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ეს აჩვენებს ჩვენს სისტემურ მიდგომას ყველაფრის მიმართ და მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით

„შეგახსენებთ, რომ ეს ის საქმეებია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა თავის დროზე უიმედოდ დატოვა, წაგებისთვის გაწირა და მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო შემოებრუნებინა, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ისკანდერის რაკეტის ნაწილები, რომელიც გორში ჩამოვარდა, სხვა ქვეყნისთვის ჰქონდა გადაცემული წინა რეჟიმს და არ არსებობდა მტკიცებულებები სტრასბურგის სასამართლოში.
„ჩვენმა ხელისუფლებამ დააბრუნა ეს მტკიცებულებები, წარუდგინა სასამართლოს და სასამართლოს სასამართლოზე ვიგებთ. წინა რეჟიმის მიერ წაგებისთვის განწირულ სასამართლოებს იგებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ეს აჩვენებს ჩვენს სისტემურ მიდგომას ყველაფრის მიმართ და მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. კარგად უნდა ამოვიკითხოთ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობები, დანაშაულები და თავქარიანობა, ყველაფერი უნდა დავახარისხოთ და ყველას თავისი მიეზღოს სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 2025 წლის 14 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები გაიზიარა და შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.