ლევან მაჭავარიანი: ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სტრასბურგში ჩვენი მორიგი გამარჯვება, საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ ეს არ არის პირველი დავა, რომელიც საქართველომ მოიგო

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სტრასბურგში ჩვენი მორიგი გამარჯვება. აბსოლუტურად თავისუფლად შეგვიძლია ასე დავარქვათ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ ეს არ არის პირველი დავა, რომელიც საქართველომ მოიგო.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სტრასბურგში ჩვენი მორიგი გამარჯვება. აბსოლუტურად თავისუფლად შეგვიძლია ასე დავარქვათ. მე შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ პირველი დავა არ არის, რომელიც საქართველომ მოიგო. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვიგეთ სასამართლო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში მანამდე, სადაც, ერთი მხრივ, ჩვენ გადავუზღვიეთ ის ბრალდება, რომელზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი ჰქონდა მოწერილი. ყველას კარგად ახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და დაწყება. ჩვენ ჰააგის სასამართლო პროცესის მოგების შედეგად, ეს ბრალდება მოვუხსენით ჩვენს გმირ სამხედროებს. ამის შემდეგ ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო, სადაც რუსეთს დაერქვა ოკუპანტი. ოფიციალურად გაფორმდა ასე. ეს პროცესიც ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც საუბარია განგრძობით ოკუპაციაზე, თანმხლებ მოვლენებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ძალიან მადლიერები ვართ ამ ობიექტური განაჩენისთვის, რაც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ რუსეთს დააკისრა ძალიან მსხვილი თანხის გადახდა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.