შალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე მრუდე ქართველები ამ ქვეყანას ვერ წაადგებიან
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ უსაფრთხოების ის სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო შეთანხმებული, დიდი ხანია, აღარ არსებობს და საზოგადოებამ ეს უნდა უნდა გავიაზროთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესებია წინა პლანზე წამოწეული.
„ამ დროს ვხედავთ მრუდე უსამშობლო ქართველებს, რომლებიც სხვა ქვეყნების დროშებს აფრიალებენ, აცდენილნი არიან არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, არამედ ეპოქას, დროს არიან აცდენილნი. სხვისი დროშის მოფრიალე მრუდე ქართველები ამ ქვეყანას ვერ წაადგებიან. ეს არის მთელი იდეა.
საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა და საერთაშორისო სამართალი არ არსებობს, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ფარია და მუდმივ დაღმასვლაშია.
ვხედავთ, არის არა კანონის უზენაესობა, არამედ ძალის უზენაესობა. ის ფარისევლობა, რასაც, სამწუხაროდ, თესავდნენ და თესავენ, მათ შორის დასავლეთიდან, ბრიუსელის დაფინანსებით.
კანონის უზენაესობაზე მაღლა როდესაც აყენებენ საკუთარი ძალის უზენაესობას, ამას აკეთებენ დღეს საქართველოში, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის გამო ადამიანი არ უნდა დაისაჯოსო, ევროკავშირის დროშა რომ ეჭირა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისას, ამიტომ არ უნდა დაისაჯოსო, იმიტომ, რომ ჩვენ ძალა გვაქვს ახლა და ზეწოლას მოვახდენთ საქართველოზეო. მიიღეს ამის შედეგი, რაც თვითონ დათესეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.