შალვა პაპუაშვილი: შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება, ზუსტად ამ ნაყოფს ვუყურებთ დღეს რადიკალურ ოპოზიციაში
„შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება და ზუსტად ამ ნაყოფს ვუყურებთ ჩვენ დღეს რადიკალურ ოპოზიციაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებაზე კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა, მათ შორის, მათივე მხარდამჭერებმა, ოპოზიციას ზურგი შეაქციეს.
„ყველა მოსყიდული თუკი იყო, ვინღა დამარცხდა 2024 წლის არჩევნებში, ეს გაგვაგებინონ. ძალიან კარგი პროცესი მიდის და ჩვენ ვართ ამის გულშემატკივარი. შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება და ზუსტად ამ ნაყოფს ვუყურებთ ჩვენ დღეს. მას შემდეგ, რაც დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სრულ ფრუსტრაციაში, ვეღარ იღებენ გარედან დაფინანსებას, ვეღარ იღებენ მათ შორის იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელსაც იღებდნენ აქამდე.
ქართველმა ხალხმა მათ ზურგი შეაქცია, ზურგი შეაქციეს მათ შორის თავიანთმა მხარდამჭერებმა. ეს ფრუსტრაციის შედეგია. როდესაც ისინი ავლენენ თავის ჭეშმარიტ ზნეს. ქართველო ხალხო, შეხედეთ, რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს პროევროპულს ეძახის. ეს არის მათი წარმოდგენით ევროპა, რასაც ახლა აკვირდებით. ეს სიბინძურე არის ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.