შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ევროკავშირი ათასწლეულების წინ რომის იმპერიაში არსებულ კლასობრივ მიდგომას უბრუნდება
„დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია საბჭოთა კავშირს გვახსენებს. როგორც მოსკოვი თავის დროზე რესპუბლიკებს მეორეხარისხოვან წევრებად აღიქვამდა, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჩანს დღეს ბრიუსელიდან კანდიდატი ქვეყნების მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს ჰკითხეს, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც საქართველოში ძალადობრივი აქციების დროს დემონსტრაციებს მშვიდობიანად აფასებდნენ და პოლიციის ცალკეულ გადაცდომებს სისტემურ დანაშაულად მიიჩნევდნენ, მაშინ, როდესაც საფრანგეთში აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის ძალადობის შემთხვევებზე ბრიუსელი დუმს.
„არა, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს: არსებობენ მაღალი და დაბალი ხარისხის საზოგადოებები. არსებობს მაღალი - ევროკავშირის წევრი საზოგადოება, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა და კონსტიტუციური წყობა დასაცავია და არსებობენ ევროპელი პატრიციები, ვარსებობთ პლებეები, რომლებსაც ზემოდან უნდა გვიყურონ.
ის, რაც იუპიტერისთვის, ანუ ევროკავშირისთვის მისაღებია, პლებეებისა და ხარებისთვის მიუღებელი უნდა იყოს. ეს უკვე სტრუქტურულ გადაწყვეტილებებშიც გამოიხატება.
ამ დღეებშიც მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ევროკავშირი ახალ წევრებს თუ მიიღებს, ისინი მეორეხარისხოვანი წევრების სტატუსით გაწევრიანდებიან და ევროკავშირის სხვა წევრებთან შედარებით, თანაბარი ხმის უფლება არ ექნებათ. ამით გვაჩვენებენ თავიანთ დამოკიდებულებას - პატრიციებისა და პლებეების გამიჯვნას.
სამწუხაროდ, ევროკავშირი ათასწლეულების წინ რომის იმპერიაში არსებულ კლასობრივ მიდგომას უბრუნდება. ესეც ევროპა იყო, იმ პერიოდში მონათმფლობელობაც არსებობდა. არ ვიცი, არის თუ არა ეს, მარტა კოსის გაგებით, ევროპული ღირებულება - საზოგადოებების, ხალხებისა და ქვეყნების კლასებად დაყოფა. ჩავთვალოთ, ეს მისი გაგებაა, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით.
ეს დამოკიდებულება ევროკავშირის ელჩის კომენტარშიც ნათლად დავინახეთ. საქართველოს შემთხვევაში მისი აღშფოთება პირდაპირ ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნაში გამოიხატებოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ საფრანგეთში 6 ათასი ადამიანია დაკავებული, რომელთაგან 85 პროცენტი სკოლის მოსწავლეა. ერთ მოსწავლეს ხელის მტევანი აქვს დაკარგული, რამდენიმემ კი მხედველობა დაკარგა.
ვხედავთ, როგორ ბრუტალურად მოქმედებს პოლიცია, დღისით, მზისით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ამის საპასუხოდ კი, ევროკავშირის ელჩისგან გვესმის, რომ ის აქციის მონაწილეების ძალადობას გმობს. ეს მდგომარეობა მივიღეთ და ამიტომაც ვამბობთ, რომ დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია საბჭოთა კავშირს გვახსენებს.
როგორც მოსკოვი თავის დროზე რესპუბლიკებს მეორეხარისხოვან წევრებად აღიქვამდა, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჩანს დღეს ბრიუსელიდან კანდიდატი ქვეყნების მიმართ.
გვიყურებენ, როგორც რაღაც ჩამოუყალიბებელ, შეუმდგარ სახელმწიფოს, რომლის მიმართაც შეუძლია, გამოვიდეს რიგითი კომისარი, რომელიც არავის აურჩევია და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ესაუბროს იმ ტონით, როგორითაც ქალბატონი კოსი გვესაუბრება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.