შალვა პაპუაშვილი: სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო, დღევანდელი დაჯილდოება მადლიერებაა იმ სამსახურისთვის, რომელსაც ასრულებთ
დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდადება საქართველოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის სამსახურში დგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თავდაცვის ძალები ყოველდღიურად ასრულებენ.
„სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის - ეს არის ქვეყნის, საზოგადოების და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო. ეს არის მზადყოფნის გამოხატულება, რომ ნებისმიერ დროს დაიცვა სამშობლო, მისი თავისუფლება და ღირსება.
საქართველოს ისტორიაში ქართველი მებრძოლი ყოველთვის იყო სიმამაცის, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლო. სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებენ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მისიებში.
დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის შრომა, დისციპლინა და ერთგულება აძლიერებს საქართველოს და კიდევ უფრო მტკიცეს ხდის ჩვენს სახელმწიფოს.
მადლობა თქვენი სამსახურისთვის, თქვენი ღირსებისა და თქვენი თავდადებისთვის. გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოებს, გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და გამძლეობას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.