Loading data...
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ამ ადამიანს ყველაზე საძაგელ ტყუილებს ათქმევინებენ ხოლმე და ათქმევინებენ იმისთვის, რომ შემდეგ საერთაშორისო უცხო პლატფორმებზე გაიმეოროს, როგორც ეს გააკეთა ამ შემთხვევაში პრაღაში

„ზოგადად, მოგიწოდებთ დააკვირდეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოურ აქტივს საქართველოში იყენებენ ყველაზე საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს იყო თავის დროზე, შარშან, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელმაც ყველაზე ამორალური ტყუილები გაავრცელა ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით.

„იგონებდა, თითქოს იყო პირადობის მოწმობების ორჯერ გამოყენება, რაც დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. იგონებდა, თითქოს იყო რაღაც 300 ათასი ზეციური საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც არსაიდან გაჩნდა არჩევნებზე, რაც დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. იძახოდა, რომ ეს იყო რაღაც მასიური შეტევა არჩევნებზე რუსეთის მხრიდან, რაც დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. ამ ადამიანს ყველაზე საძაგელ ტყუილებს ათქმევინებენ ხოლმე და ათქმევინებენ იმისთვის, რომ შემდეგ საერთაშორისო უცხო პლატფორმებზე გაიმეოროს ეს. როგორც ეს გააკეთა ამ შემთხვევაში პრაღაში, როდესაც მართლაც ასეთი საძაგელი ტყუილი თქვა საქართველოსთან დაკავშირებით.

აქ უბრალოდ, ერთი რამ უნდა ამოვიკითხოთ, ის ამას თავისით არ აკეთებს, რა თქმა უნდა. აქ უნდა ამოვიკითხოთ გეგმა იმ უცხოური ჯგუფებისა, რომლებიც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ. როგორც შარშან იყო გეგმა, მისი პირით უნდა ეთქვათ ყველაზე საძაგელი ტყუილები ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ შემდეგ მათი გულცივი დამოკიდებულებები ეჩვენებინათ ხელისუფლების მიმართ და საბაბი მიეცათ მათთვის კრიტიკისთვის. ახლაც ასე უნდა შევხედოთ. ის გამოიყვანეს იმისთვის ამ საძაგელი ტყუილით, რომ ახლა ნელ-ნელა გამოჩნდეს უცხოეთში ხმები, რომლებიც იტყვის, რომ ღობე ხუთი ჭანჭიკით იყო გამაგრებული, რკინა-ბეტონი იყო თუ ქვა-ღორღი.

ეს მომენტი უნდა დაიმახსოვროთ, შემთხვევით არ არის, რომ პრაღაში, ჩეხეთში უცხოურ ფორმატში ითქვა ეს ყველაფერი, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საძაგელი ტყუილი, რომელიც მას ათქმევინეს ამ პლატფორმის წარმომადგენლებმა. იმ უცხოურმა ორგანიზაციამ, ვინც ამას კურირებს, ვინც მას კურირებს, შესაბამისად. დავაკვირდეთ, როგორც კი დავინახავთ უცხოელებს, რომლებიც ამ საძაგელ ტყუილს გაიმეორებენ, ეგრევე მივხვდებით სუყველა, რომ ეს არის ზუსტად ის კოორდინირებული ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.