შალვა პაპუაშვილი RSF-ზე: სინამდვილეში, რასაც ვერ აკონტროლებს „დიფ სთეითი“, ის არის მიუღებელი და ასეთი ორგანიზაციების გამოყენებით იწევა შემდეგ პროპაგანდისტული კამპანიები
შალვა პაპუაშვილმა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ბოლო ანგარიში შეაფასა, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაშია შეყვანილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იხსენებს, რომ სწორედ ამ ორგანიზაციამ შერაცხა ნიკა გვარამია ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაპატიმრებულ ადამიანად, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლომ ის მიკერძოებაში ამხილა. ამიტომ პაპუაშვილისთვის RSF-ის სიტყვები „ნაკლებად დამაჯერებელია“.
მისივე შეფასებით, საქართველოში პლურალისტური მედიაგარემოა, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ოპოზიციის პარტიული მედია მოქმედებს.
„შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედებს ოპოზიციის პარტიული მედია, რომელიც ოფიციალურად ეკუთვნის ოპოზიციას და მათი დაფინანსებულია. ხაზარაძეს პირდაპირ ჩანთებით მიაქვს ფული ამა თუ იმ ტელევიზიაში. მეორე - საქართველოში მოქმედებს ბრიუსელის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია. შეხედეთ „ნეტგაზეთს“ - ჩვეულებრივად ქცეულია ამ შეუმდგარი პროტესტის პროპაგანდისტად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, როდესაც შუაგულ ევროპაში ევროკავშირის მოქალაქეების ფულით აფინანსებენ ამერიკული სპეცსამსახურების პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს - „რადიო თავისუფლებას“ და ამაზე ხმას არ იღებს ორგანიზაცია, რომელიც მედიასთან დაკავშირებით ანგარიშებს წერს, ეს აჩვენებს, რომ ისიც „დიფ სთეითის“ ნაწილია.
„ჩვენ თვალწინ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტი აფინანსებს ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შექმნილ „რადიო თავისუფლებას“ და ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ამაში არანაირი კონსპირაცია არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რომელიც „დიფ სთეითმა“ ევროკავშირის ბიუჯეტს გადააბარა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ამგვარი ინსტრუმენტის დაფინანსებაზე უარი თქვა. ახლა ევროკავშირის მხრებზეა პროპაგანდისტების დაფინანსება.
სინამდვილეში, რასაც ვერ აკონტროლებს „დიფ სთეითი“, ის არის მიუღებელი და ასეთი ორგანიზაციების გამოყენებით იწევა შემდეგ პროპაგანდისტული კამპანიები. სიჩქარეში ისიც კი ვერ გადაამოწმეს, ან გამორჩათ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არის გასული და ამ დროს ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა. არ მგონია, რომ ეს პოლიტიკიდან გასვლას ნიშნავდეს. როგორც ჩანს, იყო ჩვეულებრივი დავალება, რომ ჩაესვათ ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამბობს პაპუაშვილი.