შალვა პაპუაშვილი: რისი თქმა უნდა ოპოზიციას ან მის მედიას? ჩვენ რომ გიჟები ვართ, ჩვენ თვითონაც ვიცითო და ჩვენ რომ გიჟები ვართ, რატომ არ გაგვაჩერეთ ნაღმებით თუ ტყვიამფრქვევებითო?

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ღობის სიმყარის ირგვლივ არსებულ საუბრებს ეხმიანება. ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ იმ დღეს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსთაველზე შეკრებილი სხვადასხვა პროფესიის 5-7 ათასი ადამიანი იქ ხელისუფლების დამხობისთვის იყო მისული, რაშიც მათ მხარს სალომე ზურაბიშვილი, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, ევროკომისიის პრესსპიკერი და ოპოზიციური მედიასაშუალებები უჭერდნენ.
„ხელისუფლების დამხობის მანიფესტი წაიკითხეს, გადაიბარეს ხელისუფლება, ამას ტაში დაუკრა იქ მყოფმა 5-მა თუ 7-მა ათასმა ქართველმა ადამიანმა. ხელისუფლება რომ ჩაიბარეს, ამას აღსრულება სჭირდებაო, მოახსენეს სცენიდან - წავიდეთ და ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებიო.
წავიდნენ, მივიდნენ და დაიწყეს ამ გასაღების ჩაბარება. პოლიციამ გამომაგდო იქიდან, სადაც შევარდნენ და ახლა ტირიან - რატომ არ იყო დანაღმული პრეზიდენტის რეზიდენცია და ღობეში რატომ არ იყო დენი გატარებულიო. საბოლოო ჯამში, რისი თქმა უნდა ოპოზიციას ან მის მედიას? ჩვენ რომ გიჟები ვართ ჩვენ თვითონაც ვიცითო და ჩვენ რომ გიჟები ვართ, რატომ არ გაგვაჩერეთ ნაღმებით თუ ტყვიამფრქვევებითო? რას ლაპარაკობენ?“, - განაცხადა პაპუაშვილმა.