Loading data...
შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება ომის თემას, მარტივი კითხვა გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბირთვის მიმართ, რომელიც ახლა სხვადასხვა პარტიაშია - რატომ დაუჭირეს მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას და რა თქვეს ამით

„რაც შეეხება ომის თემას, მარტივი კითხვა გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბირთვის მიმართ, რომელიც ახლა სხვადასხვა პარტიაშია წარმოდგენილი, რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას და რა თქვეს ამით“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ - გიორგი კანდელაკმა, გოკა გაბაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, დავით დარჩიაშვილმა და გიორგი თარგამაძემ, რომელიც დღეს „ფორმულას“ წამყვანი სახეა.

„რაც შეეხება ომის თემას, ომის თემასთან დაკავშირებით გვაქვს ერთი მარტივი საკითხი. აქ არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია - 1633, რომელიც სარჩელშია მოყვანილი და არის მარტივი საკითხი. რეზოლუცია, რომელიც ამბობს, რომ 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებელი დაწყება იყო ესკალაციის ახალი, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედების საფეხურზე გადასვლა. მეექვსე პუნქტი ამბობს, რომ რუსეთის საპასუხო შეტევა იყო. მე-11 პუნქტი ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ქმედებები, რომლებიც შესაძლოა, ომის დანაშაული იყოს და ამას სჭირდება გამოძიება. ამას მხარი დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ: გიორგი კანდელაკმა, გოკა გაბაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, დავით დარჩიაშვილმა და მაშინდელმა ვითომ ოპოზიციამ, გიორგი თარგამაძემ, რომელიც დღეს „ფორმულას“ წამყვანი სახე გახლავთ.

ჩვენ მარტივი კითხვა გვაქვს ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბირთვის მიმართ, რომელიც ახლა სხვადასხვა პარტიაშია წარმოდგენილი: რატომ დაუჭირეს ამ რეზოლუციას მხარი და რა თქვეს ამით? თქვეს ის, რომ რაც აქ არის, ეს არის სიმართლე - გვითხრან ეს, ან მეორე - ის, რაც აქ არის, არ არის სიმართლე და დააბრალეს ქვეყანას. ეს პასუხი გვაინტერესებს ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბირთვისგან ამ საკითხთან დაკავშირებით, ვნახოთ, რა პასუხს გაგვცემენ“, - აღნიშნა მან.