შალვა პაპუაშვილი პერჩინსკის - გასულ წელს, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა, თუმცა, რომ არა ქართველი ხალხი, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა, არც ევროკავშირი იარსებებდა
საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი ღია წერილში წერს.
შალვა პაპუაშვილი რობერ შუმანის მიერ, „შუმანის დეკრაციის“ საფუძვლის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მიღებული დეკლარაციის სულისკვეთება იყო მკაფიო – მშვიდობა ერთიანობით, თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით და სტაბილურობა პასუხისმგებლობის გაზიარებით.
„გილოცავთ ევროპის დღეს. ამ მნიშვნელოვან დღეს, სიმბოლური აღნიშვნის გარდა, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რეალურად რა არის ევროპა, როგორ აისახება მისი მნიშვნელობა მოქალაქეთა ცხოვრებაზე და როგორ განაპირობებს ის საქართველოსა და ევროკავშირის მომავალს.
რობერ შუმანმა, ევროკავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ და დიდმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ, მისი ისტორიული განცხადება სწორედ ამ დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების მეხუთე წლისთავზე, გააკეთა. „შუმანის დეკლარაციას“ საფუძვლად ედო ერთი უმთავრესი მიზანი: უზრუნველეყო, რომ ომს აღარასოდეს გაენადგურებინა ევროპა. დეკლარაციის სულისკვეთება მკაფიო იყო – მშვიდობა ერთიანობით, თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით და სტაბილურობა პასუხისმგებლობის გაზიარებით. ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკაც სწორედ ამ ხედვის ფონზე უნდა შეფასდეს.
რობერ შუმანისგან განსხვავებით, გასულ წელს, ევროპის დღეს, ქართველი ხალხისადმი თქვენს მიმართვაში, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა და, სანაცვლოდ, აქცენტი გააკეთეთ თქვენს პოლიტიკურ პრეტენზიებზე მასპინძელი ქვეყნის მიმართ. თუმცა, ალბათ ღირს შეხსენებად, რომ არა, სხვა ანტიფაშისტურ ერებთან ერთად, ქართველი ხალხის დღევანდელი თაობების მშობლები და პაპა-ბებიები, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც ამ ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ 9 მაისს, თქვენს შეკრებაზე, სათანადო პატივს მიაგებთ 300,000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისაგან თავისუფალი ევროპისათვის“, - წერს შალვა პაპუაშვილი.