შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ჩვენ, როგორც მხარეს, გვაქვს ჩვენი არგუმენტები და, რა თქმა უნდა, ამ არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული ვართ, ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი გადაცემაში „ღია ეთერი“ შეაფასა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როგორც მხარეს, მათ აქვთ არგუმენტები და ამ არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებულნი არიან.
„ეს სარჩელი გახლავთ წარდგენილი სამი პარტიის მიერ: „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“, ამიტომ ჩემი დღევანდელი პოზიციები უნდა იყოს აღქმული, როგორც ჩემი პოზიციები და არ მინდა, რომ ჩვენს წარმომადგენლებს შევუზღუდო ის სივრცე, რომელიც მათ სასამართლოში პოზიციების წარმოსადგენად აქვთ.
ეს არ უნდა იყოს გაგებული, როგორც მცდელობა სასამართლოს განხილვაში ჩარევისა. ჩვენ, როგორც მხარეს, გვაქვს ჩვენი არგუმენტები და,რა თქმა უნდა, ჩვენი არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული ვართ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს.
ეს არის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ და საზოგადოებას 14 წელია უგროვდება და მანამდე, 9 წელი უგროვდებოდა არგუმენტები დღევანდელი სარჩელის სასარგებლოდ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გარე ძალები ცდილობენ წარმოადგინონ, რომ პარტიის აკრძალვა თითქოს ქვეყნის დასასრულია.
„პარტიების დაფუძნება, მასში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის უფლებაა და კონსტიტუციის 23-ე მუხლი სწორედ ამას ითვალისწინებს. თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა უფლება, არც ეს უფლება არის აბსოლუტური. საქართველოს კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევას, როდესაც პარტია კონსტიტუციური წყობილების დამხობის, მისი ძალით შეცვლისა და სხვა საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად.
ეს არ არის უნიკალური რამ საქართველოში, ყველა ევროპულ ქვეყანაში არის გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ფუძემდებლურ პრინციპებს,არ აქვს უფლება ისარგებლოს დემოკრატიის უპირატესობებით. ამიტომ დღეს ზოგიერთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ პარტიის აკრძალვა იქნება დემოკრატიის დასასრული.
ჩვენ გვახსოვს, გარედან გვეუბნებოდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში არის უპრეცედენტო და არ შეიძლება. ვნახეთ, რომ სომხეთში ორი ყოფილი პრეზიდენტი არის დღეს პატიმრობაში და ხმა არავის ამოუღია. როდესაც არის საფუძველი, შეიძლება ციხეშიც იყოს ადამიანი და შეიძლება პარტიაც აიკრძალოს.
ისევე, როგორც ხმა არ ამოუღიათ, როდესაც უკრაინაში 18 პარტია გააუქმეს, როდესაც მოლდოვაში 6 პარტია გააუქმეს და სხვა ბევრი შემთხვევა, რომელიც სტრასბურგამდეც არის მისული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.