Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ოთხი წლის წინ უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, მოხალისეები გაგვეგზავნა, იმ დღეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის, საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს

ზუსტად ოთხი წლის წინ, 2022 წლის 28 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მეტიც, უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ქართულ ენაზე მიმართა საქართველოს მოქალაქეებს და საკუთარი მთავრობის იძულებისკენ მოუწოდა.

„იცოდა, ვისაც მიმართავდა. მეხუთე კოლონამ – „ლელო“, „გირჩი“, „სირცხვილია“, დემოკრატიის მცველები – ეს დავალება კარგად გაიგო და აქციის ორგანიზებაც დაიწყო.

იმ დღეს რამდენიმე ათასი ქართველი უცხო ქვეყნის დროშებით პარლამენტის წინ შეიკრიბა და საკუთარი მთავრობისგან სხვა ქვეყნის მთავრობის მოთხოვნისადმი დამორჩილება მოითხოვა.

იმ დღეს დავინახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე ათასი ქართველი, რომელიც მზად არის, უცხოს მითითებით საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონადაც კი გადააქციოს.

იმ დღის შემდეგ ამ რამდენიმე ათას ქართველს კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ მეხუთე კოლონად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ბოლოს ეს 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდება, როდესაც მათ, ბრიუსელის მხარდაჭერის ფონზე, თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად და ხელისუფლების დასამხობად გამოიყვანენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.