შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესი, რომელიც ძირშივე მოწამლულია, დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.
პარლამენტის თავმჯდომარე თქმით, მმართველი გუნდი „გულშემატკივრობს“ ამ პროცესს, რადგან საზოგადოებისთვის ბევრი ფარული დეტალი ხდება ცნობილი.
პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავად ადასტურებენ წინასაარჩევნო კამპანიაში არადეკლარირებული და „შავი ფულის“ ტრიალს, რაც უცხოური ძალებისა და სპეცსამსახურების მხრიდან საქართველოს არჩევნებში ჩარევას ემსახურებოდა.
„ახლა რომ საუბრობენ 40 მილიონზე და გილაურზე, რა გგონიათ, მისი ფული იყო? ასე გამოიყენებოდა სხვადასხვა ადამიანის არხები, იმისთვის რომ უცხოეთიდან ფული შემოსულიყო. თავად ადასტურებენ, რომ შავი ფული ტრიალებდა მათ საარჩევნო კამპანიაში. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ნიკა გვარამიას შეწყალების თემაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ბრიუსელთან შეათანხმა, რაც, მისი თქმით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებითაც დასტურდება. პაპუაშვილის შეფასებით, გვარამიას გათავისუფლების მიზანი არჩევნების შემდეგ ვითარების არევა იყო.
„ვიოლა ფონ კრამონს წამოსცდა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება წინასწარ იყო შეთანხმებული ბრიუსელში. მან თქვა: „ჩვენ ვიცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ნიკა გვარამიას“. ქართველმა ხალხმა, საქართველოს ხელისუფლებამ - არავინ ვიცოდით, სალომე ზურაბიშვილმა კი ეს ყველაფერი ბრიუსელს შეუთანხმა. რატომ გამოუშვეს ნიკა გვარამია? იმისთვის რომ შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ ამრევი ჰყოლოდათ.
როდესაც კანდიდატ ქვეყანას ასეთ რაღაცებს გაუკეთებ, მის არჩევნებში ჩაერევი, მათ შორის საკუთარი ელჩის ხელით, როდესაც ცდილობ მისი არჩევნების შავი ფულის დაფინანსებას, როდესაც ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალისებ დეზინფორმაციას, როდესაც გაქვს აგრესიული რიტორიკა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ აქეთ ედავებიან ქართველ ხალხს, ეს უბრალოდ ამორალურია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.