შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც რუსეთი არის აგრესიული ომის წამომწყები უკრაინის წინააღმდეგ, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? - იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან
„როდესაც მეკითხებით, რომ „ვაილდბერიზი“ არის უკრაინის სამიზნე, ჩვენთან რატომ არ ხდება მისი შეზღუდვა, ჩემი პასუხი იქნება - მაშინ, როდესაც რუსეთი არის აგრესიული ომის წამომწყები უკრაინის წინააღმდეგ, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? რუსეთი არის ამ ომის დამფინანსებელი, ამ ომის მწარმოებელი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები გადასახადებს იხდიან და შეიძლება, ვთქვათ, რომ არაპირდაპირ აფინანსებენ. მაშინ რატომ არ ვკეტავთ საზღვარს? რატომ არ შემოგვაქვს ვიზები და არ ვხურავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? - იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მიჰყვება საერთაშორისო სანქციებს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში სანქციებისთვის გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.
„ჩვენ მივყვებით მთავარ ხაზს, როდესაც არის საერთაშორისო სანქციები და უზრუნველვყოფთ, რომ არ იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლა. 4,5 წელი გავიდა ომის დაწყებიდან და სანქციებისთვის გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა საქართველოში. როდესაც გვაქვს რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიები, გარკვეული რუხი ზონა საქართველოს ტერიტორიაზე, გვაქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან, ამ პირობებში არც ერთი ფაქტი არ ყოფილა, მიუხედავად იმ ბევრი ტყუილისა და დეზინფორმაციისა, რომლის გავრცელებასაც ცდილობდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.