შალვა პაპუაშვილი: ლოგიკურია, რომ თუკი პარტია არაკონსტიტუციურია, შუღლს აღვივებს, ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, მოქმედებს არა რაღაც იურიდიული პირი, არამედ ადამიანები, რომლებიც პარტიის ქმედებებს განაპირობებენ

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ცვლილებების იმ ნაწილზე გაამახვილა, რომელიც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პასიური საარჩევნო უფლებას აკრძალავს ითვალისწინებს. პაპუაშვილი ამ ცვლილებებს მნიშვნელოვანს უწოდებს.
„ზოგადად, ეს საერთაშორისო სტანდარტია, რაც ჩვენს კანონმდებლობაში არ იყო მოწესრიგებული. იცით, რომ განსაზღვრული იყო მხოლოდ პარტიისთვის საქმიანობის აკრძალვა, თუმცა პარტია არ არის რაღაც იურიდიული ფორმა. პარტიის არაკონსტიტუციურობას უპირველეს ყოვლისა განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ პარტიის იდეოლოგები და მმართველები. შესაბამისად, ეს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზიც იყო ჩვენთან, რომ არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობისა არაკონსტიტუციური ქმედებების გამო.
იცით, რომ სხვა ქვეყნებში ეს დამკვიდრებული სტანდარტია. ასე რომ, ზუსტად ეს სტანდარტი მკვიდრდება. ლოგიკური და გასაგებია, რომ თუკი პარტია არის არაკონსტიტუციური, შუღლს აღვივებს, ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, მოქმედებს არა რაღაც იურიდიული პირი, არამედ ის ადამიანები, რომლებიც პარტიის ქმედებებს განაპირობებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.