შალვა პაპუაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ადამიანი ასეთი დამძიმებული წავიდა და მგონი, მნიშვნელოვანია, რომ თუ რაიმეს სცემენ პატივს, ამ ადამიანის სული მოასვენონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესა და ამ თემის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ განცხადებებს ეხმაურება.
მისი შეფასებით, მიუღებელია გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნით მანიპულირება და მართლმსაჯულების პროცესების პოლიტიზება, ხოლო საქმეს მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტები და პასუხები სჭირდება.
„სხვა პასუხი გარდა იმისა, რომ სამართლებრივი არგუმენტები არის საჭირო სამართლებრივ პროცესში და არა პოლიტიკური ინსინუაციები, მე არ მაქვს. მართლმსაჯულების და სასამართლო განხილვების პოლიტიზება და ამით ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე, საქართველოში არ გამოსვლია არავის. მართლმსაჯულება თავის საქმეს აკეთებს, განხილვები არის, სამართლებრივ საკითხებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება.
მით უმეტეს ძალიან არასწორია, როდესაც ისეთ პოლიტიკურ ინსინუაციებში შესვლა ხდება, რომელიც უკვე ცდება არამხოლოდ რეალობას, არამედ არასწორიც არის. როცა საუბარი არის ადამიანზე, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ამ ადამიანმა მძიმე ცოდვები დაიდო, ცილი დასწამა და თავი მოიკლა. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ახლა მის სიტყვებს იყენებენ იარაღად, არიან მისი ყველაზე დიდი მტრები, ჩემი აზრით.
ადამიანი ასეთი დამძიმებული წავიდა და მგონი, მნიშვნელოვანია, რომ თუ რაიმეს სცემენ პატივს, ამ ადამიანის სული მოასვენონ. ადამიანმა ცილი დასწამა და თავი მოიკლა, ჩაიდინა უდიდესი ცოდვა, მათ შორის საკუთარი თავის წინაშე და ჯობია მოასვენონ ამ ადამიანის სული. მით უმეტეს, მძიმეა ამის ყურება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ხდება გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება. ყველამ იცის ამ საქმის გარემოებები, ყველამ იცის მასთან დაკავშირებით ყველაფერი, ამ ყველაფრის ატაცებას რომ მედია ცდილობს ესეც, ვფიქრობ, რომ მორალურ ზღვარს მიღმა არის“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.