შალვა პაპუაშვილი: ყველას, ვინც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხმალი აიღო, ან უცხო ქვეყნის ხელისუფლებას მიაწოდა, რანაირი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ისტორიამ განაჩენი გამოუტანა
„ყველას, ვინც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხმალი აიღო, ან უცხო ქვეყნის ხელისუფლებას მიაწოდა, რანაირი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ისტორიამ განაჩენი გამოუტანა“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ისტორია განაჩენს გამოუტანს ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ დღეს სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს ეთანამშრომლება.
„ეს ადამიანები რომ მიდიან, რა სურთ მათ სხვა ქვეყნებისგან? მიდიან ბრიტანეთის ხელისუფლებასთან, რომელიც, მაგალითად, „იმედთან“ დაკავშირებით სანქციას გამოსცემს, რომელსაც ვერავინ ვერც გაასაჩივრებს, არც არგუმენტს გეტყვის, და უნდათ ტელევიზიის დახურვა. რატომ უნდათ ეს სანქცია? იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე, რაღაც გადაწყვეტილება შეგაცვლევინონ. ეს ხომ ჩარევაა საქართველოს ხელისუფლების სუვერენურ გადაწყვეტილებაში?
უცხო ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, გავლენა მოიპოვოს, რომ მიაღებინოს არა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ხალხისგან ლეგიტიმურ ხელისუფლებას უნდა, რომ მიიღოს, არამედ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებას უნდა. არის თუ არა ეს საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმა? არის თუ არა ეს კოლაბორაცია უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან - გამოაყენებინოს საკუთარი თავი, რომ მას ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენულ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ინსტრუმენტები? ამას რომ აკეთებს ადამიანი - გინდა მოღალატე დაარქვი, გინდა კოლაბორაციონისტი - ეს ხომ არ არის საქართველოს ინტერესი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.