შალვა პაპუაშვილი: ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, ევროკომისიის შეფასებებიც ამტკიცებს, რომ საქართველო უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას ყოველთვის უსწრებს და სხვა ქვეყნებსაც რიგ კრიტერიუმებში

„ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის და ამას ამტკიცებს ყველა ობიექტური შეფასება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია.
მისივე თქმით, მათ შორის, თავად ევროკომისიის შეფასებებიც ამტკიცებს ყოველ ჯერზე, რომ საქართველო უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას ყოველთვის უსწრებს და სხვა ქვეყნებსაც რიგ კრიტერიუმებში.
„ეს არის სწორი პოლიტიკის და ქართველი ხალხის სიბრძნის შედეგი. ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველი ამომრჩეველი არ იბნევა. მიუხედავად იმისა, რომ ხან ერთი ელჩი გამოდიოდა და ქართული ლექსებით მოუწოდებდა ოპოზიციის მხარდაჭერას, ხან მეორე უცხოელი პოლიტიკოსი ჩამოდიოდა და აქ დროშა შემოხვეული მიტინგებს ატარებდა, არ დაიბნა ქართველი ხალხი. შარშან მილიონ 120 ათასმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, წელს მილიონ 105 ათასმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ეს არის ჩვენი ხალხის მხარდაჭერის შედეგი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.