Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ იმ ხალხს, ვინც ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენ კითხვაზე, თუ ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან

„მე ერთადერთი ვისი აზრიც მაინტერესებს, ეს არის რამდენიმე ელჩის აზრი, - რას ფიქრობენ, ხელს ართმევენ თუ არა მათ, ვინც ცდილობს 26 მაისს კიდევ ერთხელ ძალადობა დააანონსოს. ამას მალე ვიხილავთ. ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ იმ ხალხს, ვინც ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენ კითხვაზე, თუ ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ამავე დროს კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკოსებსაც ვერ ვუწოდებ, ვინაიდან გარედან დაკვეთის შემსრულებლები არიან, როდესაც ხალხთან მიდიან, 5-7 კაცი იკრიბება, მაგრამ ელჩებთან მიდიან ჯგროდ - ეს არის მათი დამოკიდებულება, ეახლონ ელჩს, სხვადასხვა დედაქალაქს და იქ დაგეგმონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებები. ეს არის საქართველოს სამწუხარო თანამდევი ისტორია. ასე იყო წარსულშიც, როდესაც სხვადასხვა დედაქალაქში მიდიოდნენ, იმისთვის რომ იქიდან ჯარი შეეგროვებინათ საქართველოს წინააღმდეგ; ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, როდესაც მოსკოვში მიდიოდნენ იმისთვის, რომ თბილისში კონკურენტი მოეცილებინათ. ასე ხდება ახლაც, მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელით და მიდიან ბრიუსელში, რომ კონკურენტები ჩამოიცილონ. ისტორიაში მოღალატეს ყოველთვის მიეზღვა, ასე აქვს მიზღული ამ დაჯგუფებასაც ქართველი ხალხის მხრიდან“, - აღნიშნა მან.

პაპუაშვილმა უპასუხა ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც ოპოზიციისგან კონკრეტული დღის წესრიგის განსაზღვრას ითხოვს.

„ნუ შეეცდებით, რომ რაიმე ლოგიკა ნახოთ ამ გამონათქვამებში, ეს არის ჩვეულებრივი აგონია, რაშიც ჩავარდნილია რადიკალური ოპოზიცია, აგონიის მიზეზი კი არის ის, რომ გარედან მიღებული ვერცერთი დავალება - ქვეყნის არევა, გადატრიალება, სისხლის ღვრა ვერ შეასრულეს. ახლა აქვთ მკაცრი გაფრთხილება ქვეყნის გარედან, რომ რაღაც გააკეთონ. ქართველმა ხალხმა ბევრჯერ გასცა პასუხი უკვე რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.