შალვა პაპუაშვილი: ხალხის, ხელისუფლებისა და ჯარის ერთსულოვნება წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და სიძლიერის წინაპირობას, დღეს ჩვენ სწორედ ამგვარი ერთსულოვნება გვაქვს
დღეს ჩვენ ღირსების ორდენებსა და მედლებს გადავცემთ დამსახურებულ ოფიცრებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს თავდაცვის ძალების სახეს და მათი დაჯილდოებით ხაზს ვუსვამთ სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულების, მუდმივმოქმედი თავდაცვის ძალების, ჯარის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს თავდაცვის ძალების უმთავრესი მოტივაცია, იცოდეს, რა ღირებულებებს იცავს, რისთვის იბრძვის, რა დგას მის უკან.
„ჩვენ ვცხოვრობთ სირთულეებით, გამოწვევებითა და გეოპოლიტიკური ძვრებით აღსავსე პერიოდში. ეპოქაში, სადაც ყოველდღიურად უფრო და უფრო ხშირად გვესმის სიტყვა ომი. დადგა მომენტი, როდესაც უსაფრთხოების გლობალური სისტემა ჩამოიშალა, ხოლო დიდი სახელმწიფოები გამალებული შეიარაღების გზას დაადგნენ. მოვიდა დრო, როდესაც თავდაცვის კონცეფციასა და სახელწოდებას ომის კონცეფცია და სახელწოდება ანაცვლებს. ბევრი შეგვიძლია, ვილაპარაკოთ იმ მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა ეს ვითარება, თუმცა, მიუხედავად მიზეზებისა და მათი შედეგებისა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ესეც გაივლის. იგივე გამოცდილება გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი გზა და ერთი მისია – დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ, სახელმწიფოს კონსტიტუციური შტოების ხელმძღვანელები, რომელთაც ხალხმა ქვეყნისთვის მსახურება დაგვაკისრა, ჩვენს პოლიტიკურ მისიას მთელი მონდომებით აღვასრულებთ. ქვეყნის მსახურება კი მისი მიწის, მისი იდენტობის, მისი მსოფლმხედველობის დაცვასა და ამ ღირებულებებისთვის ბრძოლასაც გულისხმობს. სწორედ ესაა სახელმწიფოს თავდაცვის ძალების უმთავრესი მოტივაცია, იცოდეს, რა ღირებულებებს იცავს, რისთვის იბრძვის, რა დგას მის უკან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ხალხის, ხელისუფლებისა და ჯარის ერთსულოვნება წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, სიმტკიცის და სიძლიერის წინაპირობას.
„დღეს ჩვენ სწორედ ამგვარი ერთსულოვნება გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ, გილოცავთ მისაღებ ჯილდოებს და თქვენი სახით ვულოცავ მთელ თავდაცვის ძალებს ამ დღეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.