Loading data...
შალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დროა ბრიუსელიც დარწმუნდეს, რომ კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა და საჭიროა ბრიუსელი ევროპულ გზას დაუბრუნდეს.

„მათი პასუხებიდან კარგად გამოჩნდა ევროკომისრების პოზიცია. ვნახეთ მათი მიმართულება, რომ ისინი არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს არიან, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.

ამავდროულად, ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამოხატავენ სურვილს, დიალოგი შედგეს საქართველოსა და ევროკავშირს, კერძოდ, მის წევრ ქვეყნებს შორის. ამიტომაც არის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ გავაძლიერეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით შეხვედრები.

მნიშვნელოვანია, წევრ ქვეყნებთან გვქონდეს კომუნიკაცია და ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია და ბოიკოტი არ არის ევროპული გზა. სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას სწორედ ეს არაევროპული გზა აქვს არჩეული.

ამიტომ მნიშვნელოვანია, ორმხრივი კომუნიკაცია და დიალოგი გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები არიან, რათა, საბოლოო ჯამში, ბრიუსელიც დარწმუნდეს, რომ კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა. დროა, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის ევროპულ გზას - იდეების გაცვლას, დიალოგისთვის გახსნილობასა და კონფრონტაციაზე უარის თქმას“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.