შალვა პაპუაშვილი: ქალბატონმა კოსმა გადაგვიფრინა თავზე, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში, საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ერთი აზრი არ გვკითხა, ეს არის იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება
ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანსა და სომხეთში, საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ერთი აზრი არ გვკითხა, ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ლიბერალური მიდგომაა, როდესაც აუქმებენ ადამიანს, რაღაცნაირად გარიყავენ და ზუსტად იგივე გადმოიტანეს ახლა სახელმწიფოების მიმართ.
„ჩვენ ვხედავთ, რა არის მცდელობა, რომ არ ჭრის და რომ ვერ გაგვაქრობენ რუკიდან, გასაგებია. მართალია, ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანსა და სომხეთში, საუბრობდა შავ ზღვასა და შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენს თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება. იცით ეს ლიბერალური მიდგომა, როდესაც აუქმებენ ადამიანს, რაღაცნაირად გარიყავენ, ზუსტად იგივე გადმოიტანეს ახლა სახელმწიფოების მიმართ.
სახელმწიფოების გაუქმება ხდება, თითქოს საქართველო არ ვარსებობთ, ხალხი არ ვართ და ის რამდენიმე „ენჯეო“, რომელსაც ფულს უხდიან და დაქირავებული ჰყავთ, ის არის საქართველო. მათ ჭკუაზე რომ იყოს მოწყობილი, ალბათ გაგვყრიან ყველას, ვინც „ქართულ ოცნებას“ და ქვეყნის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. გაგვყრიან რომელიმე კუნძულზე და აქ იქნება მათი „ენჯოების“ მიერ აშენებული „ენჯეო სამოთხე“, რომელიც, ვხედავთ, რას გულისხმობს. გულისხმობს, რომ უნდა ჩამოვიდნენ აქ მეფისნაცვლები, მეორე მდივნები და მათ უნდა მართონ ქვეყანა.
ეს კანონები, „გამჭვირვალობის კანონი“, ეხება უცხოურ ჩარევას. ეს არ ეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც მხოლოდ იარაღი არიან. მთავარი არის უცხოური ჩარევა, რომელსაც ვხედავთ, რომ აქვს ერთადერთი ამოცანა, ჩვენი ქვეყნის დაზიანება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბრიუსელი როდესაც აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიებს, ის აღარც ევროპაა და საერთოდ, ადამიანური ღირებულებებისგან დაცილებულია. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ამ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მშვიდობის პროექტი ევროკავშირი აფინანსებს საქართველოში ძალადობას, დეზინფორმაციას და სიძულვილს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.