Loading data...
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას შეეშვას, „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ? საკუთარ ვებგვერდს მიხედონ და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მატრაკვეცობას უნდა შეეშვას, ერთი „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლება სასაცილო თავის მართლებებით დასაცინი ხდება.

„რაღაც მომენტში ხომ უნდა მიხვდნენ, ასეთი ქცევით რა დამართეს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. ასეთი უპატივცემულო ტონით საკუთარ ელჩს და ერთმანეთს ელაპარაკონ. ჰგონიათ, ქართველ ხალხს თვალში ნაცარს შეაყრიან? ერთი „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე? თან გვედავებიან ხოლმე, ფული გვაქვს დასახარჯი, თქვენ უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო. ჯერ საკუთარ ვებგვერდს მიხედონ და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს. რამე სათქმელი თუ აქვთ, დაასახელონ რეალური მიზეზი. ვერც ამბობენ სინამდვილეში, რაც უნდა თქვან. იმასაც ვერ ამბობენ, რომ არჩევნებში სხვა შედეგი უნდოდათ, დამარცხდნენ და ამ დამარცხების არაღიარების პროცესში არიან. ამის თქმასაც ვერ ბედავენ, ამხელა ქვეყანა ქართველ ხალხს ამის თქმას ვერ უბედავს, კატა – თაგვობანას გვეთამაშებიან. რა სახეც შეუქმნა გერმანიის ელჩმა გერმანიას, ეს ამის გაგრძელებაა. დღეგამოშვებით შევამოწმებთ ვებგვერდს, შევხედავთ, ქართველი ხალხის ნებას რომელი კალენდარული წლით, კალენდარული თვით და კალენდარული დღით აღიარებენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. აქამდე რუსეთისგან თუ გვქონდა სუვერენიტეტი დასაცავი და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, აღმოჩნდა, ასეთი წვრილმანი, მდაბიო საქციელით ცდილობენ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საუბარია იმის შესახებ, რომ გერმანიის საგარეო უწყების მონაცემები საქართველოსთან დაკავშირებით არ განახლებულა, კერძოდ, ვებგვერდზე სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტად არის მოხსენიებული. ამავე საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომლის განცხადებითაც, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა.

„ერთ-ერთ საკითხად ვახსენე, რომ ჩვენთვის გაუგებარია, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში როგორ ვერ შეძლო გერმანიის მხარემ ამ ხარვეზის გამოსწორება. ითქვა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა დავაფიქსირე, რომ ორი წლის განმავლობაში ასეთი მარტივი პრობლემის გასწორება გერმანიისთვის არ უნდა იყოს ტექნიკური პრობლემა. ტექნიკური ხარვეზის გარდა, ჩვენ სხვა პასუხი არ მოგვისმენია. ეს თუ მართლა ტექნიკური ხარვეზია, იმედია, უახლეს მომავალში გამოსწორდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.