შალვა პაპუაშვილი: გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი არსებობდა, კანონმდებლობით მოწესრიგებული იყო პარტიების აკრძალვა და არა ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა, ჩვენი პროექტით ეს აკრძალვა უვადოა

„ჩვენთან გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი არსებობდა, რომ დღემდე, კანონმდებლობით მოწესრიგებული იყო მხოლოდ პარტიების აკრძალვა და არა ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა, რაც არის მიღებულიო პრაქტიკა ყველგან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას.
ის გამოეხმაურა საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის თანახმად, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ.
„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა პარტიის დასახელება, არამედ შინაარსი. თუკი ის შინაარსობრივად, თავისი საქმიანობით, გადაწყვეტილებებით, ნაბიჯებით, ანტიკონსტიტუციურია, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით.
ჩვენი სარჩელი ეყრდნობა კონკრეტულ საგამოძიებო მასალებს, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად დადო, როგორც ანგარიში. 450 გვერდზე მეტია ის დანაშაულები, პოლიტიკური თუ სისხლის სამართლებრივი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებას, სხვადასხვა იურიდიული ფორმით აქვს ჩადენილი კონსტიტუციის წინააღმდეგ. ვინც აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ვინც წაიკითხა საგამოძიებო კომისიის ანგარიში, მას შეუძლია ასევე დასკვნები გამოიტანოს, თუ რომელი პარტიები შეიძლება აღმოჩნდნენ ჩვენს სარჩელში.
რაც შეეხება მეორე ნაწილს - ინდივიდებს. თავისთავად ჩვენი მიზანი არ არის არც პარტიის დასახელება, არც პარტია, როგორც იურიდიული ორგანიზაცია, მთავარი არის ის, რომ პარტია არის ინსტრუმენტი ინდივიდებისთვის, პოლიტიკოსებისთვის საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუ ამ პარტიის მიზანი არის ანტიკონსტიტუციური, არის არა პარტიის, როგორც ფორმალური იურიდიული წარმონაქმნის, არამედ იმ ინდივიდების მიზანია, რომელსაც ისინი პარტიის გამოყენებით ცდილობენ, რომ მიაღწიონ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ინდივიდებზე გასვლა“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რას ნიშნავს ჩანაწერი „აკრძალვა შეეხება კონსტიტუციის დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს“.
„თუკი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა ემსახურებოდა წამების სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში, მაგალითად, ყველა, ვისაც ჰქონდა გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის საშუალება, ანუ ის პირები, რომლებსაც გავლენა ჰქონდათ ამ პარტიის გადაწყვეტილების მიღებაზე, პარტიის, რომელიც ხელისუფლებაში იყო, შესაბამისად, სახელისუფლებო გადაწყვეტილების მიღებაში და ემსახურებოდნენ ამ მიზნის ასრულებას, ყველა, ვინც ითვლება ლიდერად, გადაწყვეტილების მიმღებად, რომელსაც აქვს გადამწყვეტი გავლენა პარტიის მიერ რაღაც ნაბიჯების გადადგმაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე და ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ყველაფერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ჩამონათვალის სახით.
ჩვენთან გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი არსებობდა, რომ დღემდე, კანონმდებლობით მოწესრიგებული იყო მხოლოდ პარტიების აკრძალვა და არა ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა, რაც არის მიღებული პრაქტიკა ყველგან. სულ ახლახან იყო ლეპენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელსაც შეუზღუდეს არჩევნებში მონაწილეობა, რომ არჩეულ იქნეს თანამდებობაზე და ა.შ. ამიტომ, ეს ხარვეზიც გასწორდება ხვალ პარლამენტის მიერ. იქნება შესაძლებლობა, რომ არა უბრალოდ ფორმას, სახელს, ნომერს და სლოგანს ვებრძოლოთ, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ სახელს ამოფარებულმა, ამ პარტიის იარაღად გამოყენებით, დაარღვიეს კონსტიტუცია და ძირს უთხრიდნენ ქართულ სახელმწიფოს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმავე ინდივიდებს ან ამ პარტიაში შემავალ პირებს მომავალში სხვა პარტიის დაფუძნება არ შეეძლებათ.
„პარტია არის ორგანიზაციული ერთიანობა, რომელიც არის სამიზნე. რეესტრში რეგისტრირებული ფურცლები ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას, ადამიანები დგანან ამის უკან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას და რომლებიც პასუხისმგებელი არიან ყველა ამ გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება ვადებს, ჩვენი პროექტით, უვადო არის ეს აკრძალვა, ისევე, როგორც პარტიის აკრძალვა დღეს მოქმედი კანონმდებლობით.
კანონი ითვალისწინებს, რომ პარტიის წევრობა, არჩევით თანამდებობებზე კანდიდატურის დაყენება, სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობების დაკავება და ა.შ. ექნებათ შეზღუდული. ასევე, დაფინანსება პარტიის“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.