დონალდ ტრამპი: „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თუ არ შეასრულებს, ისრაელის ძალებმა შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებები განაახლონ

„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თუ არ შეასრულებს, ისრაელის ძალებმა შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებები განაახლონ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „სიენენთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი „ერთი სიტყვაც კი საკმარისია“, რომ ღაზაში სამხედრო მოქმედებები განახლდეს.
კითხვაზე რა მოხდება, „ჰამასი“ განიარაღებაზე უარს თუ იტყვის, ტრამპმა უპასუხა, რომ ის როგორც კი ნებართვას მისცემს, ისრაელის ძალები ქუჩებში დაბრუნდებიან.
„ისრაელის არმიას იქ შესვლა რომ შეეძლოს, ამას გააკეთებდა. მათი შეკავება მე მომიწია“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მუშაობა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლადაც გრძელდება.
როგორც „სიენენის“ რეპორტიორმა აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულება ისტორიულად უფრო რთული იყო, ვიდრე ეს რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში იქნება, რაზეც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მართლაც ასეა, რადგან „ერთი ომი სამი წელია, მიმდინარეობს, მეორე კი – სამი ათასი“.